среда, 1 апреля 2009 г.

კულტურული ძეგლები




ანაგას ცივ-გომბორის მთების მხრიდან გადმოჰყურებს მთავარანგელოზის ეკლესია (XVII ს–ე), რომელთანაც მთავარანგელოზის ხევს მივყევართ. ტაძარი სოფელთან საკმაოდ მოშორებით, მთის ტყიან ფერდობზე დგას და აშენებულია როგორც რიყის ქვით, ისე ქართული აგურით. აქ არსებული პირობები ხელსაყრელი იყო სამონასტრო ცხოვრების ასაღორძინებლად. ადგილ-მდებარეობის მიხედვით ამ ადგილს ნამდვილად, სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. ძნელბედობის ჟამს ეკლესიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სიმაგრედ გამოყენებაზე მეტყველებს მის მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნივ ციცაბო კლდეზე აღმოჩენილი ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა ,,ნაქალაქარს” უწოდებს. ,,ნაქალაქარი” ე. წ. ,, სვავების კლდეზე” მდებარეობს და ჩვენი აზრით, მის საძირკველში დიდი ,,სიურპრიზი” ელოდებათ არქეოლოგებს.

(სვავების კლდე)
სიტყვა ,,ანგელოზი” ამბის მახარობელს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი უსასრულოდ ბევრია. ისინი ქმნიან 9 დიდ დასს რომელთაც 9 მთავარანგელოზი მეთაურობს. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით ,,მთავარანგელოზების სახელებია: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, იეგუდიელი, ვარახიელი, სელაფიელი, იერომიელი და ტახნილი.” მათგან უპირველესნი არიან მიქაელი და გაბრიელი. წმინდა დიონისე არეოპაგელმა მოგვცა ცნობა იმის შესახებაც, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან. სოფელს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გადმოჰყურებს და რადგან მისი მნიშვნელობაა ,,ვითარცა ღმერთი”, როგორც მძლეველი ყველა მტრული ძალისა, იფარავს მას ყოველგვარი უბედურების, მწუხარების, ბოროტებისა და ცოდვისაგან. 21 ნოემბერს მთელი ქიზიყის (და არა მარტო ქიზიყის) მოსახლეობა მოემართემა ამ ტაძრისაკენ სალოცავად. მთავარანგელოზის ხევთან, ქუდურის უბანში, ე. წ. ,,კონსტანტინეს” წყაროსთან ახლოს ,,ყვავის საყდარია”. უხუცესების გადმოცემით, ამ ტაძრიდან ყვავებს მოუპარავთ ხატი და ქუდურის ყველაზე მაღალ ადგილზე დაუსვენებიათ. ამით ნიშანი მისცეს, რომ აშენებულიყო ეკლესია. ამჟამად ,,ყვავის საყდრის” ნანგრევებიღაა შემორჩენილი. 


აღდგომის ეკლესია


მთავარანგელოზის მახლობლად უფლის აღდგომის ეკლესიაა (X ს–ე) და ის ერთადერთია მთელს ეპარქიაში. ,,აღდგომასთან” მისვლა ქუდურის უბნით შეიძლება. იმ ადგილს კი სადაც ეკლესიაა აგებული ბოტკოველაანს უწოდებენ.

 


კვირაცხოველი


სოფლის სასაფლაოებთან აღმართულია ,,კვირაცხოვლის” ეკლესია, რომელიც ბაზილიკური სტილის, მოკრძალებული ზომის, სადა და ლამაზი შუა საუკუნეების დროინდელი ტაძარია სახელი ,,კვირაცხოველი” კომპოზიცია - ორი სიტყვის ნაზავია-,,კვირია” და ,,ცხოველი”. ,,ცხოველი” ცოცხალს ნიშნავს, ,,კვირია” კი სიცოცხლის და ნაყოფიერების ღვთაებაა. როგორც სრულიად საქართველოში, ისე ანაგაში კვირაცხოვლობას დღესასწაულობენ აღდგომის სწორს. გადმოცემების თანახმად ,,კვირაცხოვლობაზე” ბურთის თამაში ჰქონიათ წესად. 


 80 წლის მოხუცის მონათხრობის მიხედვით წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ერთმანეთს ეცილებოდა ბურთის ხელში ჩაგდებაში. სწამდათ, გამარჯვებულს მთელი წელი უხვი მოსავალი ექნებოდა. ზოგჯერ ბურთს ნაკუწ-ნაკუწად გლეჯდნენ და ინაწილებდნენ. სულ პატარა ნაჭრის პატრონი კი დარწმუნებული იყო, მის ოჯახს მთელი წელიწადი სიუხვე და ბარაქა არ მოაკლდებოდა. 

  ,,კვირაცხოვლის” ეკლესიის კარის თავზე მისი აგების თარიღი წერია-1759 წელი. ტაძარს რამოდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია და ამჟამად მშვენიერ მდგომარეობაშია. აგებულია რიყის ქვით და ქართული აგურით.

კვირაცხოვლის ეკლესიაზე არის ქვა წარწერით: ,,მე ავაშენე“... დანარჩენი სიტყვები არ იკითხება.კარგი იქნება თუკი ვინმე გამოიჩენს გულისხმიერებას და წაკითხული იქნება ეს წარწერა.

აღსანიშნავია, რომ ღვთისმსახურება აქ XX ს–ის 20–იან წლებშიც გრძელდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ 100 წელს მიღწეულ მარიამ ბეროზაშვილს ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაუწერია. 

ღვთისმშობლის ეკლესია


ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს მრავალი საჩუქარი მოგვიძღვნა. საქართველოშია ,,დედა ღვთისას კვართი, სარტყელი, ღვთისმშობლის ხელით შექმნილი ჯვარი ვაზისა, ყოვლადწმინდა ქალწულის სასწაულთმოქმედი ხატები და, რაც მთავარია, მისივე ხელით მოქსოვილი კვართი უფლისა.” ანაგელებსაც, ისევე როგორც ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველებს, ყოველთვის სასოებით გვაქვს მიპყრობილი სულიერი თვალი ღვთისმშობლისაკენ.დიდი რწმენის წყალობით სოფელში ღვთისმშობლის სახელობის სამი ეკლესიაა აგებული: 
1) ღვთისმშობლის შობის ეკლესია;                              ღვთისმშობლის ეკლესია;  

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია;


ღვთისმშობლის შობის ეკლესია( Xს–ე) ზარიაულის უბანში, ცივ-გომბორის მთის კალთაზეა აღმართული და გადმოჰყურებს იმ გზას, რომელიც ანაგას სიღნაღთან აკავშირებს. ეკლესიის სარკმლის ქვეშ თეთრი რიყის ქვაზე შინდისფრად დაფიქსირებული მხედრული წარწერა გვაუწყებს, რომ 1869 წელს მისთვის კრამიტი დაუხურავს აბრამ დიაკვანს. ღვთისმშობლის შობის ეკლესიაც აგებულია ქვით და ქართული აგურით.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება, გოგოლაშვილების უბანში მდებარეობს. ტაძრის შესასვლელ კართან წარწერაა, სადაც მოხსენებულია მისი ერთ-ერთი მაშენებელი-“სულხან გალატოზი”. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა, მაგრამ აქვს პატარა გუმბათიც. აგებულია რიყის ქვითა და აგურით. რამოდენიმე წლის წინ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარა გენადი მჭედლიშვილმა (ანაგის მკვიდრმა). ღვთის ნებით და მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით ტაძარში ხშირად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა. ღვთისმსახურებას აქ წყნეთის წმ. ნინოს ტაძრის მოძღვარიც (მამა მიქაელი) ასრულებს ხოლმე. შეიძინეს ზარიც, რომელიც წირვის დაწყებას ამცნობს მრევლს.


 ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მარჯვნივ, გზის მეორე მხარეს, ღვთისმშობლის სახელობის კიდევ ერთი მოკრძალებული ზომის ეკლესიაა, რომელიც ანაგელი გლეხის, დავით გოგოლაშვილის საკარმიდამო ნაკვეთთან მდებარეობს.

  ,,ეკლესია შემოღობილია, რათა დაცული იყოს, მაგრამ კედლებზე გაჩენილი ბზარები ყოველდღე დიდდება და კუთხეებიდან ცა მოჩანს. ჭერიდან ჩამოსული წყალი უფრო და უფრო აზიანებს ბუნებრივი საღებავებით შესრულებულ უნიკალურ ფრესკებს.კედელზე წარწერაც მოჩანს. საკურთხევლის მაღლა ჭერი ოდესღაც შეუთეთრებიათ კირით, რომელსაც ფრესკები დაზიანებისგან დაუცავს. დროთა განმავლობაში, წვიმის წყალს კირი ალაგ-ალაგ ჩამოურეცხავს, ნაკირალი ადგილებიდან კი სადა და მუქი ფერებით შესრულებული ღვთისმშობლის ფრესკის ნაწილები მოჩანს. რამოდენიმეჯერ ჟურნალისტებმა და ამ საკითხით დაინტერესებულმა პირებმა მოინახულეს ეკლესია, დაინტერესდნენ ფრესკათა სიძველით, სურათები გადაიღეს. სოფელი იმედოვნებდა გულთან მიიტანდნენ ტაძრის გასაჭირს, მაგრამ ამაოდ”-ყვება ქალბატონი დოდო (დავით გოგოლაშვილის მეუღლე) და ეფერება თითოეულ ქვას, რომელსაც უყურადღებობის გამო საფრთხე ემუქრება. ანაგაში აღმართულ ღვთისმშობლის ეკლესიებს შორის ეს ტაძარი უდიდესია, აგებულია რიყის ქვით და კირით.

  ღვთისმსშობლის სახელობის ეკლესიები იმ გზის სხვადასხვა მხარეს მდებარეობს, რომელსაც შუაგულ ტყეში, ე.წ. ,,ნახიდართან” მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს სოფელი თავისი ღირსშესანისნაობებით.

  ნახიდარის გზა პირდაპირ მიდის წმ. (ილია) ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიასთან, რომელიც შუა საუკენეებით თარიღდება.

  გადმოცემის თანახმად, სანამ ღმერთი ელიას ცაში აიყვანდა და ღრუბელთა გამგებლად დანიშნავდა, მანამდე იგი ხარაზი-მეხამლე იყო. ერთხელ მას სახელოსნოში ქალად ქცეული ეშმაკი გამოეცხადა და ხმლის შეკერვა სთხოვა. ელია არ იღებდა შეკვეთას, მაგრამ ეშმაკმა თავისი გაიტანა და ელია ფეხსაცმლის შეკერვაზე და ითანხმა. ხამლის თარგის ასაღებად ელიამ ქალად ქცეულ ეშმაკს ნაცარზე დაადებინა ფეხი. “ქალეშმაკმა” შიშველი ფეხი ზომაზე მეტად დაანახა მას. ხელოსანმა ეს დიდ ცოდვად ჩათვალა და თავისივე ხელით დაითხარა თვალები. ამის მნახველმა ღმერთმა ბრმა ელიას საქციელი დაუმადლა, ცაში აიყვანა, თავის მრავალრიცხოვან წმინდანთა ამალაში ჩარიცხა და “ცა და ღრუბლები” ჩააბარა. მისცა ერთი ეტლი, რომლითაც ბრმა ელია უვლის თავის საბრძანებელს. იგი ხან აქ გამოჩნდება, ხან-იქ. როცა ცაზე გაივლის, იწყება ჭექა-ქუხილი. ამიტომაა, სეტყვის დროს თოფს რომ ისვრიან და ზარს რეკავენ, ამით სოფლელები ატყობინებენ, ქვემოთ სოფელია და არ დასეტყვოო.

  წინასწარმეტყველების მიხედვით, წმ. ელია დაბრუნდება ქრისტეს მოსვლის წინ წმ. ენუქთან ერთად. ისინი ანტიქრისტეს ამხელენ ყველას წინაშე, რის გულისთვისაც ორივეს დახოცავენ, მესემე დღეს კი აღსდგებიან. ზეცად ატაცებულმა ელია წინასწარმეტყველმა ეტლიდან გადმოუგდო თავისი მოსასხამი საყვარელ მოწაფეს (ელისეს), რომელზეც ორჯერ მეტი მადლი გადმოვიდა. ვიდრე თვით ელის ჰქონდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ელისეს განსასვენებელში მიცვალებული ჩაასვენეს, ელისეს ძვლებთან შეხებისას– გაცოცხლდა. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ერთ-ერთ საკურთხეველში ინახება წმ. ელიას ხალემი, ანუ მოსასხამი რომელიც საქართველოში შემოიტანეს, ძვ.წ.ით 586 წელს ნაბუქოდონოსარის მიერ, ისრაელის მეორედ დაპყრობის შედეგად დევნილმა ებრაელებმა. აბიათარ მღვდელი (ებრაელი) წმ. ნინოსთან საუბარში ამბობს: “არს იგი ხალენი ელიასი ამას ქალაქსა შინა და ხელით ჩვენთა საკურთხეველისა სიმტკიცისა ქვეშე ქვათა უპოვნელად ვიდრე ჟამამდე მისსა ... და არს ადგილი იგი ვითარცა ადგილი იაკობისა კიბედ ხილული და ცად აღწევნული”(1) ეს ხალენი ქართველთათვისაც ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. საქართველოში წმინდა ელიას სახელზე მრავალი ეკლესია არსებობს და მთასაც კი ეწოდება მისი სახელი. დედოფლისწყაროში არის მთა, რომელსაც მძინარე ქალის ფორმა აქვს და მასზე აგებულია წმინდა ელიას ტაძარი. თბილისშიც არის ელიას მთა, რომელზეც აღმართულია ყოვლადწმინდა სამების დიდებული საკათედრო ტაძარი. 

  ანაგაშიც და სრულიად საქართველოშიც ყოველ აგვისტოს (ახ.სტ) ზეიმობენ ელიაობას. გადმოცემის მიხედვით გლეხები ელიას ევედრებოდნენ სეტყვისგან გადარჩენის სანაცვლოდ თხას შემოგწირავთო. 

  ტყის ქვედა მხარეს, სოფლის თავში მდებარეობს ბარბარეს ეკლესიის (X ს–ე)ნანგრევები, რომელსაც განსაკუთრებულ აურას სძენს მრავალწლოვანი ხე, ფერადი ქსოვილებით დამშვენებული, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. განსაკუთრებით ახალგაზრდები სტუმრობენ ტაძარს და ლოცვის შემდეგ, სურვილების ასრულების მიზნით, ლამაზ ნაჭრებს ტოვებენ უხუცეს ნატვრის ხეზე”. წმ. ქალწულმოწამე ბარბარე საქრისტიანოში ოჯახური კეთილდღეობის, ბავშვთა სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის მფარველ წმინდანად მიიჩნევა, მასვე შესთხოვენ სხვადასხვა სენისაგან განკურნებას, გარდა ამისა, ძველთაგანვეა ცნობილი, რომ ადამიანი, რომელიც ყოველდღე რწმენითა და სასოებით შეევედრება წმინდა დიდმოწამეს, უზიარებელი არ გარდაიცვლება. მისი წმინდა ნაწილების მადლით მრავალი სასწაული აღესრულება. ისინი VI საუკუნეში ილიოპოლიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, ხოლო XII საუკუნიდან დღემდე-კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. თბილისში, წმ. ბარბარეს ეკლესიაში (ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე) დაცულია დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილი, რომელიც 1983 წელს უკრაინის იმდროინდელი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ლოცვა-კურთხევით კიევიდან ჩამოუბრძანებიათ. სოფელში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, 17 დეკემბერს აღინიშნება ბარბარობის დიდებული დღესასწაული. აქ ხშირად მოჰყავთ ბავშვები თვალების სამკურნალოდ. 





ჯაგ წმინდა გიორგი


წმინდა გიორგის სიყვარულით ქართველებს ”გეორგიანებს” გვეძახიან და საქართველოში ყოველ მეორე ქართველს გიორგი ჰქვია. სოფელში წმ. გიორგის სახელობის ორი ეკლესიაა. პირველს, რომელიც სოფლის რკინიგზასთან ნანგრევების სახით შემორჩენილა, მგზავრის საყდარსაც უწოდებენ, ხოლო მეორეს, სოფლის ბოლოს, დაბალი ბუჩქებით დაფარულ, ვაკე ადგილზე აგებულს- ჯაგის წმინდა გიორგის. აქ წელიწადში ორჯერ აღინიშნება გიორგობა და წირვა-ლოცვა აღესრულება.

 


წმინდა ნინო


 “ბაიდარაანი” სოფლის ყველაზე დიდი უბანია და ის თავს იწონებს წმინდა ნინოს ეკლესიით (XVI ს-ე). ნინოობის უდიდესი დღესასწაულია ქიზიყელთათვის. აღსანიშნავია, რომ თურმე კაბადოკიიდან მომავალ წმ. ნინოს ანაგაში შეუსვენია და აქედან გაუგრძელებია გზა. ამბობენ აქ იმიტომ აუგიათ ეს ეკლესიაო. იმ ადგილს სადაც ეს ეკლესიაა აგებული გალავანს ეძახიან. ერთი ლეგენდა მოგვითხრობს:ეკლესიაში
მისულა ერთი კაცი გვარად ნადირაშვილი, რომელსაც ღვთისმშობლის ხატისთვის მთვრალს, თოფი უსვრია. იმ დროს ეკლესია მოქმედი ყოფილა. მღვდელს სასამართლოსთვის მიუნდვია ამ საქმის გამოძიება. ნადირაშვილის ძმებს მღვდელისთვის უთხოვიათ: ოღონდ ჩვენს ძმას ნუ დასჯით და ეკლესიას გალავანს შემოვავლებთო. მას შემდეგ ამ უბანს გალავანს ეძახიან.

ფერისცვალება


ანაგის აღმოსავლეთ მხარეს, ვაქირის მიჯნაზე, არაჩვეულებრივი ხედის მქონე გზაჯვარედინზე აღმართულია XVII საუკუნის ფერისცვალების ეკლესია, რომელშიც კომუნისტებს(სავარაუდოდ 1921–1924წლებში) ერთ დროს კულტურის სახლი განუთავსებიათ,სადაც ხშირად ინდური და იშვიათად ქართული ფილმები გადიოდა. აქ შეასრულა თავისი უკანასკნელი სიმღერა ,,თავო ჩემო ბედი არ გიწერია" ლეგენდარულმა ვანო სარაჯიშვილმა.ამ ფაქტს ცოდვად მოიხსენიებენ ფანატიკოსი მორწმუნენი და აღნიშნავენ, რომ ეკლესიის საკურთხეველში შესრულებული სიმღერის ცოდვამ უწია ვანოს, რომელსაც ამ კონცერტის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. ფერისცვალების სახელობის ტაძარი რესტავრაციას საჭიროებდა, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს მიერ დამტკიცდა მისი აღდგენის პროექტი და სახალხო ბანკშიც გაიხსნა ანგარიში. ამჟამად, უფლის ნებით, მშენებლობა მიმდინარეობს.